კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები — რას ამბობს სტატისტიკა და როგორია სახელმწიფოს მიდგომა


ავტორი: ლიზა ლასარეიშვილი 

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა მზარდია. 18 წელს მიუღწეველი მოზარდები, სავაჭრო ობიექტების და მანქანების გაქურდვაში, ძალადობაში და ვანდალიზმში ყოველ წლიურად უფრო ხშირად არიან მხილებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალების თანახმად, მხოლოდ 2025 წელს, ინვარიდან ოქტომბრამდე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის, 14-დან 17-წლამდე 643 პირი დააკავეს. დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. ეს მაშინ როცა გენერალური პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2022-24 წლებში დანაშაული 496-მა არასრულწლოვანმა ჩაიდინა.


14-დან 18 წლამდე პირებს შორის დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური დანაშაულის კატეგორიაში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში ქურდობასა და თაღლითობას მიეკუთვნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი დანაშაულების მაჩვენებელი გაორმაგდა. მეორე ადგილზეა ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის ძალადობა, მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სიმძიმის ზიანის მიყენება. მესამე ადგილზე კი საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია, მათ შორის ხულიგნობა, იარაღის ტარება და მსგავსი დანაშაულებრივი დარღვევები. 


ანა თავხელიძე, "ნეტგაზეთი"
14 წლამდე მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იწყება. ეს აკრძალულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით. სწორედ ამიტომ, კანონმდებლების განცხადებით, საჭირო გახდა ახალი კომპლექსური საკანონდებლო ცვლილებების მიღება, რაც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს რესოციალიზაციაში დაეხმარება და პრევენციულ ღონისძიებასაც გაატარებს. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე აიტვირთა, შეიქმენება „მხარდამჭერი სახლები“, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არასრულწლოვნები მოხვდებიან, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. დაკომპლექტდება მულტი დისციპლინარული ჯგუფიც, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს პროგრამებს და ამ პროგრამებში მათი ჩართვის საჭიროებას. „გამოსასწორებელ სახლებში“ არასრულწლოვნების მოთავსება შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 12 თვით. ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოს შეუძლია დრო ისევ 12 თვით გაახანგრძლივოს. ბავშვთა უფლებადამცველი ანა თავხელიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი ბუნდოვანია, მომზადებულია პროფესიული ჯგუფების ჩართულობის გარეშე, ე.წ გამოსასწორებელ სახლებში არასრულწლოვნების მოთავსება კი მათ ციხეში გამოკეტვას ემსგავსევა, რადგან სასამართლოს გადაწვყეტილების შემთხვევაში არასრულწლოვანს იმ სივრცის დატოვება აკრძალული აქვს და მოწყვეტილია ოჯახს. „დიდი ხანი საუბრობდა ამაზე მმართველი პარტია, რომ პასუხისმგებლობის ასაკის გადახედვა სურდათ და არასამთავრობო სექტორს ყოველთვის ერთი პოზიცია გვქონდა, რომ რეპრესიული ზომები არაა გრძელვადიანი პრობლემის მოგვარების საშუალება და ის არ გამომდინარეობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან. ამ პრობლემის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან მისი ერთ-ერთი გამომწვევი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებია. საკანონდმებლო ცვლილებები კი, რეალურად არის შეფუთვა იმ რეპრესიული მექანიზმის, რომლის ამოქმედებასაც ბავშვების წინააღმდეგ გეგმავენ.“ - განაცხადა ანა თავხელიძემ. 


უფლებადამცველების აზრით, ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად რჩება იმ სრლუწლოვნების იდენტიფიცირების საკითხიც, ვინც როგორც წესი, მოზარდების დაჯგუფებების უკან დგანან და მათ კანონსაწინააღდეგო ქმედებების ჩადენისკენ უბიძგებენ. ხშირია შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი მუქარის შდეგად იძულებულია იქურდოს, მოპარული კი დამკვეთთან მიდის. 14 წლამდე მოზარდებმა იციან, რომ დაპატიმრების შემთხვევაში, პოლიცია მათ დიდი ხნით განყოფილებაში ვერ გააჩერებს. დაჯგუფების ხელმძღვანელს კი შიშის გამო, ვერ ასახელებენ. სწორედ აასე მუშაობს წინასწარ კარგად ორგანიზებული სქემა, რითიც წლებია სხვადასხვა დანაშაული დაუსჯელი რჩება.

Comments